მიხეილ დუნდუა - აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრება არის საზოგადოების დაკვეთა
მიხეილ დუნდუა - აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრება არის საზოგადოების დაკვეთა

აზარტულ თამაშებზე რეგულაციების გამკაცრება არის საზოგადოების დაკვეთა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შესაძლებელია აზარტულ თამაშებზე ​რეგულაციების დაწესება და შესაბამისი გაკონტროლება.

„პრემიერის ინიციატივა ნამდვილად დროულია, კარგია და სწორი გადაწყვეტილებაა. ერთია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პრემიერმა სწორად მიიღო და მეორე, გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ, მოწესრიგებას ექვემდებარებოდა. იმისთვის, რომ გარკვეული აკრძალვები შემოვიღოთ, აუცილებელია მისი კონტროლის მექანიზმები გვქონდეს. რამე ავკრძალოთ, შევზღუდოთ, მაგრამ ვერ ვაკონტროლებდეთ, შეუძლებელს ხდის მის აღსრულებას. მოკლედ, ამ პროცესმა გრძელი გზა გაიარა და ჩვენ უკვე შეგვიძლია ამ აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება და გაკონტროლება“, – განაცხადა დუნდუამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს ის პრობლემა, როცა არასრულწლოვნები სრულწლოვანი მეგობრების, ოჯახის წევრების, თუ სხვათა საიდენტიფიკაციო საშუალებებს იყენებდნენ, რათა აზარტული თამაშები ეთამაშათ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ვერიფიკაცია-იდენტიფიკაციის წესი განსაზღვრულია და ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც არსებობს.

„რეგისტრაცია ხდება ადამიანის უშუალო ჩართვით, ასე ვთქვათ, ონლაინ, ღია ეთერში დამოწმებით, მისი პირადობის მოწმობის, თუ სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლის დეკლარირებით, განთავსებით და მისი კონტროლით. ახლა, თუ არასრულწლოვანი კოლაბორაციაში არ შევიდა მისი ოჯახის უფროს, 25 წელს ზევით წევრთან, რომ მამა, ბაბუა, ან ბებია თვითონ დარეგისტრირდეს და თავისი ე.წ. ექაუნთით არასრულწლოვანი ათამაშოს, კონსპირაცია ასეთ დონეზე თუ არ წავიდა, შეუძლებელი გახდება, არასრულწლოვანმა ითამაშოს. ასეთ შემთხვევაში, ეს უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და სხვაგვარი მიდგომის საგანი გახდება. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ოჯახის შიგნით ასეთი თანამშრომლობა შედგა, ეს ინციდენტების დონეზე შეიძლება, მოხდეს, მაგრამ მასობრივად ვერ მოხდება“, – განაცხადა დუნდუამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე და არის თუ არა დათვლილი, საზოგადოების რა ჯგუფია ლუდომანი, ან რა ჯგუფი ღარიბდება ყოველდღიური თამაშით, მიხეილს დუნდუამ აღნიშნა, რომ სათამაშო ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი არის მილიარდ ნახევარი ლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ მოსახლეობის ფართო ჯგუფების შემოსავლებთან შედარებით, ამ თანხის სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ ერთობლივ შემოსავლად ქცევა მივიჩნიოთ იმად, რომ ეს მათ მძიმე პრობლემად არ ეხება.

„ჩვენ აგრეთვე ვხედავთ დინამიკას, რომელიც ზრდადია და თუ ეს ზრდადი დინამიკა დღეს არ ჩავკეტეთ, ხვალ უკვე სხვა, უფრო მწვავე პრობლემის გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დავდგებით და რატომ უნდა მივცეთ პრობლემას გამწვავების საშუალება, როცა შეგვიძლია, ახლავე მოვაწესრიგოთ, რომ საკითხს სხვა ნაკადი მივცეთ?! ის ფული, რომელიც ახლა ამ სფეროში მიდის, კვლავწარმოებადობის, დარგთაშორის გადაცემის თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიულია. მაგალითად, თქვენ თუ ღვინოს ყიდულობთ, თქვენი გადახდილი თანხით შემოსავალი აქვს მეღვინეებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს. ასევე, ეს შემოსავლები გადაუნაწილდება მევენახეებსაც სოფლის მეურნეობაში, ანუ, ფართო სფეროში, სარესტორნო ბიზნესს და ა.შ. ასევეა სხვა სფეროშიც, დამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ, ამ სფეროში კი, თანხა სადაც მიდის, პროცესი იქვე სრულდება და იქვე წყდება კავშირი. შესაბამისად, მაკრო ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ ფულადი თანხების გადანაწილება ამ სფეროდან სხვა მიმართულებით მოხდება, უფრო ეფექტიანი იქნება. ან დაზოგვაში წავა და დაზოგვა იწვევს ინვესტიციებს, ან წავა მოხმარებაში, მოხმარება კი მულტიპლიკატორია მშპ-ის“, – განაცხადა დუნდუამ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ პროცესში შეიძლება, მილიონზე მეტი ადამიანი მოხვდეს, ვისაც სისტემაში წვდომა აეკრძალება, ან შეეზღუდება.

მისი თქმით, ეს არ ეხება უცხოეთის მოქალაქეებს, არც ონლაინ და არც სათამაშო სახლებთან დაკავშირებით.

„უცხოეთის მოქალაქეებისგან რაც მეტი შემოსავალი იქნება, მით უკეთესი ქვეყნისთვის. პირიქით, ამ მიმართულებით გზა გახსნილი იქნება. ჩვენი მიზანი და ორიენტირია, დარგი მაქსიმალურად გადაეწყოს ტურიზმზე, უცხოელ მოქალაქეებზე და ადგილობრივი მოქალაქეები ნაკლებად იყვნენ ჩართული, განსაკუთრებით, ერთობლივი, მთლიანი შემოსავლების იმ მოცულობის პირობებში, რა მოცულობაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.