მიხეილ დაუშვილი - თამბაქოს სექტორს მალე წარვუდგენთ გეგმას, რას აპირებს სახელმწიფო საგადასახადო მიმართულებით მომავალი ორი წლის განმავლობაში
მიხეილ დაუშვილი - თამბაქოს სექტორს მალე წარვუდგენთ გეგმას, რას აპირებს სახელმწიფო საგადასახადო მიმართულებით მომავალი ორი წლის განმავლობაში

ფინანსთა სამინისტროსთან ეფექტურად ვთანამშრომლობთ და უახლოეს მომავალში თამბაქოს სექტორს წარვუდგენთ გეგმას, რას აპირებს სახელმწიფო საგადასახადო მიმართულებით დაახლოებით მომავალი ორი წლის განმავლობაში, ეს თამბაქოს ინდუსტრიას საშუალებას მისცემს, რომ ბიზნესი სწორად დაგეგმონ, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ადგილობრივი ბიზნესის ყველაზე მტკივნეული საკითხები განიხილეს, რომლითაც კერძო სექტორი ბიზნესომბუდსმენს ყველაზე ხშირად მიმართავს.

დისკუსიის დროს დაუშვილმა აღნიშნა, რომ მისი აპარატის დაკვირვებით, ბიზნესი ყველაზე მეტად პროგნოზს დაქვემდებარებულ ბიზნესგარემოს ითხოვს და გაჭიანურებული სასამართლო თუ ადმინისტრაციული პროცედურები აწუხებს. გარდა ამისა, სასურველია, რომ სახელმწიფომ დაბალანსებული რეგულაციები შემოიღოს, რათა ახალი მოთხოვნა ბიზნესს ზედმეტ ტვირთად არ დააწვეს და უკუშედეგი არ დადგეს. სწორედ ამიტომ, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ თამბაქოს სექტორს მომავალი ორი წლის მანძილზე საგადასახდო პოლიტიკის კუთხით სიურპრიზები აღარ ჰქონდეს.

„თამბქოს კონტროლთან დაკავშირებით რამდენიმე აქტუალური საკითხი დგას, მაგრამ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საგადასახადო კუთხით განჭვრეტადი გარემოა, რას ელოდოს ბიზნესი ხვალ და ზეგ. ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან და შეიძლება ითქვა, ამ მომენტისთვის მიღწეულია შედეგი. რამდენიმე შეხვედრაც შედგა, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობით, მოვისმინეთ მათი წუხილი და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად უკვე შევთავაზეთ კერძო სექტორს გეგმა, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს ექნებათ ძალიან კონკრეტული ხედვა, რას აპირებს სახელმწიფო საგადასახადო მიმართულებით შემდეგი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, რომ მათ ბიზნესი სწორად დაგეგმონ“, – განუცხადა მიხეილ დაუშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.