მიხეილ დაუშვილი - სწორი იქნებოდა, ოპოზიციის ნაწილი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამოსულიყო
მიხეილ დაუშვილი - სწორი იქნებოდა, ოპოზიციის ნაწილი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამოსულიყო

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ძირითად პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებს ინკლუზიურად არ წარმართავს.

„ცალსახად მინდა, ვთქვა და ეს ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ თითოეული საკითხი, რომელიც შეეხება 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თითოეული საკითხი, რომელიც შეეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას ან ვერმიღებას, ზუსტად უნდა ვიყოთ ყველა დარწმუნებული, ამ ყველაფერზე – როგორც დადებით, ასევე უარყოფით შედეგზე ლომის წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. შესაბამისად, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ ნაწილში ეკისრება „ოცნებას“. მეორეც, „ოცნება“ ინკლუზიურად არ წარმართავს პროცესს, რადგან თავად „ოცნების“ მიზანია, პროცესი მაქსიმალურად ჩაკეტილი ჰქონდეს. ვგულისხმობ არასამთავრობო სექტორის ნაწილში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, რეკომენდაციების შესრულებისას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც მმართველი გუნდის ჩართულობით მიმდინარე სამუშაო პროცესებში არ მონაწილეობენ და პარალელურ პროცესებს წარმართავენ.

„გარდა „ოცნებისა“, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ პროცესში და ე.წ. სხვა პარალელურ პროცესებს აკეთებენ. პროცესი უნდა ყოფილიყო ერთიანი, პროცესი უნდა ყოფილიყო ინკლუზიური. მნშვნელოვანია, რომ ამისი დრო ჯერ კიდევ არის. ეს იყოს სწორედ ჩვენი ევროპელი კოლეგების მოწოდება და დრო ჯერ კიდევ არის, რომ პროცესი გახდეს ინკლუზიური. ვნახოთ, რა ინიციატივები იქნება, რომელსაც წარადგენს ოპოზიციის ნაწილი. ჩვენ მხარს რასაც ვუჭერთ, ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რაც ეხმიანება და ეთანხმება ჩვენს ხედვებს 12 პუნქტის შესრულების ნაწილში. ყველაზე სწორი იქნებოდა, ამ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამოსულიყო, მაღლა დაეყენებინათ სახელმწიფო ინტერესები და ერთი სამუშაო პროცესი გვქონოდა. ერთი სამუშაო პროცესის პირობებშიც კი ვერავინ ვერავის დაუშლიდა ალტერნატიული წინადადებები დაგვეფიქსირებინა. შესაბამისად, ვნახოთ, რა პროექტები იქნება და ამის მიხედვით გეტყვით, რას დავუჭერთ მხარს და რას – არა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.