მიხეილ დაუშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილებაში საუბარია, რას აპირებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისს, როგორ ვთქვა, რომ რამე გამორიცხულია, მაგრამ სუს-ის განცხადებას კონკრეტული ქმედებები სჭირდება
დანაშაული თუ მზადდება ან ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება, არა ზოგადი საუბრები, არამედ კონკრეტული ქმედებები. დანაშაული თუ არსებობს, ამას დამნაშავეების დასჯა უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, არაფერს გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მსგავს განცხადებას კონკრეტული ქმედებები სჭირდება.
„გამიჭირდება ახსნა და მტკიცება, ეს ყველაფერი ტყუილია თუ არა, მაგრამ ვინაიდან ასეთ განცხადებას აკეთებენ, საზოგადოებას უნდა აჩვენონ, ეს ყველაფერი საიდან გამომდინარეობს. თუ რამე გამოსაძიებელია, უნდა გამოიძიონ და შესაბამისი პირები, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯონ. ეს არ უნდა იყოს კიდევ ერთი გამოსვლა, როცა რაღაცას დაგვიანონსებენ და შემდეგ არაფერი მოხდება. ამიტომ, თუ დანაშაული მზადდება ან ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება, არა რაღაც ზოგადი საუბრები, არამედ კონკრეტული ქმედებები. თუ დანაშაული სახეზეა და არსებობს, ამას დამნაშავეების დასჯა უნდა მიჰყვეს.
ვერ გეტყვით, ეს განცხადება პრევენციულია თუ არა. ვერც ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც ვერაფრის მტკიცებას დავიწყებთ. ერთი კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვნახეთ, სადაც საუბარი იყო მელიაზე, საუბარი იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რას აპირებდნენ, როგორ აპირებდნენ და როგორ აკეთებდნენ 2019 წლის 20 ივნისს. ამიტომ როგორ ვთქვა, რომ რამე გამორიცხულია, მაგრამ როცა სუს-ი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამას კონკრეტული ქმედებები სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.