მიხეილ დაუშვილი - საგარეო მიმართულებით პრეზიდენტის შეფასება ლოგიკურია, ოცნება როდესაც თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს, ამით გვაშორებს მათ, მეგობრებს თუ შორდები, ავტომატურად რუსეთის კალათაში ვარდები
ოცნება როდესაც თავს ესხმის შეერთებულ შტატებს, ევროპას, ამით გვაშორებს ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს თუ შორდები, ავტომატურად რუსეთის კალათაში ვარდები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველ არხთან გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„საგარეო მიმართულებით პრეზიდენტის შეფასება ლოგიკურია. ოცნება როდესაც თავს ესხმის ჩვენს პარტნიორებს, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპას, ამით გვაშორებს ჩვენს პარტნიორებს. როდესაც პარტნიორებს გვაშორებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება უფრო მეტად დაუცველი ხდება რუსეთის წინაშე. მეგობრებს თუ შორდები, ავტომატურად რუსეთის კალათაში ვარდები“, – აღნიშნა დაუშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში ჩართვას, დაუშვილის თქმით, სწორი იქნება პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
„რიგგარეშე სესია იქნებოდა კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც დეპოლარიზაციის, ასევე ევროინტეგრაციის კუთხით. პროექტები, რომელიც დღესაა მომზადებული, რატომ უნდა გადაგვედო, აბსოლუტურად გაუგებარია. „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუშალა რაიმე სხვა პროცესს, გარდა იმ პროცესისა, რომელსაც „ოცნება“ უძღვება“, – განაცხადა დაუშვილმა.