მიხეილ დაუშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს
მიხეილ დაუშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, მიხეილ დაუშვილი მათივე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც დაუშვილმა განაცხადა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით დააკავა. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ეს დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და ხელისუფლება კვლავ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

დაუშვილის თქმით, აბულაძესთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ.

„მაშინ, როცა ქვეყანა ამხელა უსაფრთხოების რისკების, ეკონომიკური საფრთხეების წინაშე დგას, საქართველოს ხელისუფლება ამაზე ზრუნვის ნაცვლად, კვლავ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იბრძვის. „ოცნება“ უბრალოდ ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას, ვერ ძლევს ამ შიშს და აგრძელებს ოპოზიციაზე ზეწოლას. ხელისუფლება ვერ და არ იცლის იმისთვის, რომ გამოიძიოს ჩვენი პარტიის სამეგრელოს რეგიონულ ხელმძღვანელზე, მალხაზ თორიასა და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი.

ამის პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გელა აბულაძე. ამ დრომდე მასთან არ უშვებენ ადვოკატს“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე განცხადებით, ეს არის უკანონო დაკავება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა აბულაძე გათავისულფდეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად წამოიწყო, რაც ვერ შეძლეს და ამით გელა აბულაძე ვერ დააშინეს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „ოცნების“ ხელისუფლება სრულად დამარცხდა როგორც მერის არჩევნებში, ასევე წარმომადგენლობით ორგანოში, სადაც ჩვენი პარტია ფლობს გადამწყვეტ ხმებს და საკრებულოს ჰყავს თავმჯდომარე ჩვენი პარტიიდან. „ოცნება“ ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ.

ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს უკანონო დაკავება აღიკვეთოს და გელა აბულაძე გათავისუფლდეს“,- განაცხადა დაუშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს.