მიხეილ დაუშვილი - ნათელაშვილს დროულად უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უფრო ადრე შემოსულიყო პარლამენტში
მიხეილ დაუშვილი - ნათელაშვილს დროულად უნდა აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უფრო ადრე შემოსულიყო პარლამენტში

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო.

მისივე თქმით, მას ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესები უნდა დაეცვა და დროულად შესულიყო საკანონმდებლო ორგანოში.

„როდესაც მოქალაქეებმა მას მხარი დაუჭირეს, მისცეს უფლება და თან დააკისრეს პასუხისმგებლობა პარლამენტში შემოსულიყო, თავისივე ამომრჩევლის, მოქალაქეების ინტერესები და უფლებები დაეცვა, კეთილი უნდა ენებათ და დროუალდ შემობრძანებულიყო პარლამენტში. გუშინ არ უნდა გახსენებოდა, რომ რადგან რაღაც ხდება, რაც მის ინტერესებში არ შედის, ამის გამო გადაწყვიტა. უფრო ადრე უნდა შემოსულიყო. ის პასუხისმგებლობა, რაც მოქალაქეებმა დააკისრეს, დროულად უნდა აეღო საკუთარ თავზე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საკითხზე საუბრისას მიხეილ დაუშვილმა ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ მომავალ სასესიო კვირაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას.

როგორც დაუშვილი ამბობს, პარტია „საქართველოსთვის“ შალვა ნათელაშვილისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო  უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე, იმის ფონზე, რაც ხდება, როგორი პოლიტიკური კრიზისიც არის დღეს ქვეყანაში, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ არც ნათელაშვილის და არც ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტას“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.