მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და ვთავაზობთ მას კონკრეტულ წინადადებებს
მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და ვთავაზობთ მას კონკრეტულ წინადადებებს

ევროპარლამენტის კრიტიკული ანგარიშის საპასუხოდ, პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა და სთავაზობს მას კონკრეტულ წინადადებებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა დღეს, პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებას; გავლენის ჯგუფების არსებობას სასამართლო სისტემაში; დამოუკიდებელი ინსტიტუტების პარტიისთვის დამორჩილების მცდელობას; გამოძიების არაეფექტიანობას; პროკურატურის რეფორმირების აუცილებლობას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ამბიციური დღის წესრიგი და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი იმპლემენტაცია, ვინაიდან აღნიშნულზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის წარმატება.

„გამოწვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც მის ყველა რგოლს მოიცავს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი იმპლემენტაცია, ვინაიდან აღნიშნულზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის წარმატება. შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ:

1. დაიწყოს სასამართლოს შემდგომი რეფორმირების ინკლუზიური და ღია პროცესი, ყველა აქტორის ჩართულობით, რომლის ძირითადი მიზანი იქნება სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ შესუსტება და ძალაუფლების ლოგიკის ცვლილება. ამ კონტექსტში განხილული იქნეს პარტია „საქართველოსთვის“ კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს მიერ ე.წ. ორმაგი 2/3-ით მოსამართლეთა არჩევის შესახებ;

2. დაუყოვნებლივ დაიწყოს იუსტიციის საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევის პროცესი;

3. გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყოს პარტია „საქართველოსთვის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების მკაფიო გამიჯვნას. პარალელურად, გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები რეფორმისთვის საგამოძიებო უწყებების მოსამზადებლად;

4. პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, შეფასდეს პროკურატურის კოლეგიური ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობა და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების მმართველობის თავიდან ასაცილებლად. აქვე, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები გენერალურ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით ასარჩევად.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, ეფექტიანობას და შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარმატების პროცესს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ვებგვერდზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა. „დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მის ავტორ(ებ)ს და მასში გამოთქმული მოსაზრებები არ უნდა იქნას მიღებული, როგორც პარლამენტის ოფიციალური პოზიცია“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.