მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებებები შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებებები შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

პარტია „საქართველოსთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშს ეხმაურება. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ანგარიში მოხვდა ყველა ის მიმართულება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში გაუარესდა.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის დაცხრილვის ფაქტი.

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. პოლიტიკური ნიშნით დევნა, მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის, სასამართლოში არსებული პრობლემები, სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტება, კორუფცია, მედიაზე თავდასხმა – ეს ის თემებია, რომელზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია საუბრობს და განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, მიმართულებები, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესდა. ანგარიში საკმაოდ მრავლისმომცველია, თუმცა გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამორალური და უკანონო ქმედებების შესახებ კონკრეტულად ჩვენი გუნდის ლიდერის, გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების მისამართით. ჩვენი გუნდის მისამართით ხელისუფლება ავლენდა და ავლენს უპრეცედენტო დევნასა და ზეწოლას. გაგახსენებთ მაგალითად აკაკი ბართაიას საქმეს, მალხაზ თორიას და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ, დღემდე გამოუიძიებელ ძალადობას, წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატ გელა აბულაძის უკანონო პატიმრობას, ასეულობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას და ა.შ. ამ ყველაფრის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ბესარიონ ბენდელიანის საქმე, კერძოდ: 2021 წლის 25 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის დაცხრილვის ფაქტი მასზე პოლიტიკური შურისძიების მიზნით. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე, ასევე კორუფციის თემაზე და ციტატად გიორგი გახარიას განცხადება მოყავს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს კორუფციის თემაზე და მითითებას აკეთებს ჩვენი გუნდის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ „ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეა, ხოლო როცა სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია, კორუფცია და ნეპოტიზმი დიდ პრობლემას წარმოადგენს“. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე (მაგალითად, დაუსჯელობის სინდრომი, რაც მკვეთრად გამოიხატა 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებით). ამავე კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სასამართლო სისტემაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გაგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის საკითხზე ჯერ კიდევ 2021 წლის ზაფხულში წარვადგინეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დღემდე არათუ მიღებული არ არის, არამედ „ქართულ ოცნებას“ მისი განხილვას კი არ დაუწყია. გარდა ამისა, ანგარიშში მრავლადაა საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენის ჯგუფებზე. გაგახსენებთ, რომ 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის“ დოკუმენტით გათვალისწინებული იყო სიღრმისეული, ფუნდამენტური რეფორმების ჩატარება და არა ფორმალისტური, პროცედურული ცვლილებები, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცდილობს გაასაღოს, როგორც რეფორმად. ანგარიშში ბუნებრივია ასახულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების საკითხი და მათ შორის ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსპექტორი თანამდებობიდან გაუშვა მაშინ, როდესაც მას უფლებამოსილების ვადა – 3 წელი ჰქონდა დარჩენილი. ამ კონკრეტული მავნებლობის მიზანი იყო დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი და მისთვის ძირის გამოთხრა“,- განაცხადა დაუშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს, ისე როგორც არასდროს, როდესაც ქვეყანა არის ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის შევსების უშუალო პროცესში, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშის მსგავსი შეფასებებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამდენად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურად შეაფასოს როგორც წინამდებარე ანგარიში, ისე ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორებისა და შიდა, ეროვნული აქტორების შეფასებები! თვალი გაუსწოროს სიმართლეს, აღიაროს არსებული პრობლემები და გამოწვევები! ჩვენმა გუნდმა არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას რეფორმების კონკრეტული დღის წესრიგი, რაც აუცილებელია ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, გამოხატოს პოლიტიკური ნება და ამ რეფორმებზე სასწრაფოდ დავიწყოთ მუშაობა! ჩვენი გუნდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მზად ვართ ყველანაირი ვიწროპარტიული ინტერესი გადავდოთ გვერდით და დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წავიყვანოთ სწორად, ეფექტურად და სწრაფად“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.