მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების დაცვა.

„რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენს, მისი მიზანია, ამ პროცესში ისეთი შუალედის პოვნაში დაეხმაროს ბიზნესსა და სახელმწიფოს, რომ ერთდროულად დაცული იყოს მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებაც და ამასთანავე, არ დაზარალდეს ბიზნესის კანონიერი ინტერესები. ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა კლინიკებთან, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ასეთი შეხვედრა რეალურად დღესაც და ხვალაც შედგება დამატებით, რათა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ დაბალანსებული შუალედი, როდესაც, ცხადია, ხარისხი არ უნდა დაეცეს და ასევე, არ უნდა მოხდეს ბიზნესის ეფექტიანობის შემცირება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კლინიკების ხელმძღვანელები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს გუშინ შეხვდნენ. 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების გადავადებას ითხოვენ. მათი შეფასებით, ეს დრო საჭიროა, რათა მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებული რეფორმა ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ცვლილებები უკვე შეეხო კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას.