მიხეილ დაუშვილი - ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილის თემა მუდმივად აქტუალური იყოს, რაშიც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“
მიხეილ დაუშვილი - ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილის თემა მუდმივად აქტუალური იყოს, რაშიც ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გააცნობიერონ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში განიხილონ, ეს სწორია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში იყოს განხილული. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ჰუმანიტარულ კონტექსტში იყოს განხილული. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. საერთოდ, რა არის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი და შესაძლებელია თუ არა მისი საქართველოში მკურნალობა? სპეკულაციების იმხელა სივრცეა, ვეღარ არკვევ. აპრიორი კითხვად რატომ აყენებთ იმას, რომ ან გადაყვანა, ან სხვა არაფერი. ხელისუფლება ცდილობს, სააკაშვილის თემა მუდმივად აქტუალური იყოს და მას ამაში ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობაც“. ხელისუფლებას ყველაზე მეტად აწყობს, ქვეყანაში სააკაშვილის თემა იყოს ნომერ პირველი საკითხი 2024 წლამდე. რა თქმა უნდა, სამედიცინო საკითხების გადაწყვეტის გზები არსებობს და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.