მიხეილ დაუშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიზანი თუ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდაა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის „მირტყმა“ რა საჭიროა
მიხეილ დაუშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიზანი თუ ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდაა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის „მირტყმა“ რა საჭიროა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტს ამერიკულ კანონთან კავშირი არ აქვს. მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის ქვეშ მოაქცევენ უამრავ ორგანიზაციას.

„ეს კანონპროექტი პარლამენტში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს, საერთოდ არ უნდა ვმსჯელობდეთ, რას და როგორ ჰგავს. არ შეიძლება ამ კანონს ვიღებდეთ. ამერიკულ ვერსიას რომ ადარებენ, საერთოდ სხვაგან არიან. ის კანონი სხვა მიზნებს და ამოცანებს ემსახურებოდა. აშშ-ში ჯერ კიდევ 1938 წელს მიღებულ კანონს სხვა საფრთხეებთან ბრძოლის ამოცანები ჰქონდა. აშშ-ის კანონი ფარულ სადაზვერვო ღონისძიებებს ეხება. უცხოური ქვეყნის დაფინანსებით, რომელიღაც ორგანიზაცია ან პირი აშშ-ში ფარულ სადაზვერვო ღონისძიებებს ან ფარულ პოლიტიკურ აქტივობებს თუ განახორციელებს, მიიჩნევა, რომ ამ ტიპის აქტივობები ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამიტომაც ამერიკულ კანონმდებლობაში უფრო მძიმე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. „ხალხის ძალის“ კანონპროექტს იმ კანონთან საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს.

ამბობენ, რომ კანონის მიზანია ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა, თუ ასეა, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსის „მირტყმა“ რა საჭიროა? დაარეგისტრირონ ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამჭვირვალობის გაზრდას მოემსახურება. ამის წინააღმდეგი არავინ იქნება. თვითონ ეს ორგანიზაციებიც არ უნდა იყვნენ ამის წინააღმდეგი, რადგან გამჭვირვალობის ზრდაში პრობლემა არაფერია.

ამ კანონის მიღებით, უცხოური გავლენის აგენტის იარლიყის ქვეშ მოაქცევენ უამრავ იმ ორგანიზაციას, რომლებიც სოციალური მიზნებისთვის მიღებული გრანტებით, მაგალითად, მოქალაქეებს რეგიონებში სოციალურად ეხმარებიან. „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში მოქმედებს. ამას აკეთებენ არა სახელმწიფო მიზნებიდან, არამედ, სამწუხაროდ, ძალაუფლების მიზნებიდან გამომდინარე და ემსახურებიან „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას, რათა „ოცნებას“ ვინც არ მოსწონს, ყველას, კანონის მიხედვით, დაუძახონ უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტის ამერიკულ და რუსულ კანონებთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია. მათივე შეფასებით, მათ მიერ ინიციირებული პროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.