მიხეილ დაუშვილი - კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და მერიაში სისტემური პრობლემების შესახებ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს
მიხეილ დაუშვილი - კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და მერიაში სისტემური პრობლემების შესახებ საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს

კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ცხრა პირის დაკავების შესახებ. სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით, ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა და აირიდოს რეალური პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე.

„ფაქტია, რომ გუშინდელი ბრიფინგითაც დადასტურდა თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემები, რაც მათ შორის, პოლიტიკურ კორუფციულ სქემებს უკავშირდება. ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჰქონია მომხდარზე ადეკვატური რეაგირება. ამგვარი, მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და სამწუხაროდ უმძიმესი ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება აცილებული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადებები: დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; შექმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში; გადადგას ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი სისტემის, პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზებისთვის; განახორციელოს რეალური რეფორმები, რაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის და შესაბამისად, სისტემური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს კახა კალაძეს მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ.

„აშკარაა, რომ კალაძე გაურბის პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ ბატონი კალაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე ნამყოფია მხოლოდ ერთხელ, როდესაც მტკიცდებოდა თბილისის მთავრობა. ამავე სხდომაზე კახა კალაძეს ჩვენმა გუნდმა შესთავაზა ანტიკორუფციული კომისიის შექმნა, თუნდაც დახურულ ფორმატში, რამაც ბატონი მერის აგრესია გამოიწვია.

ბატონ კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ“, – განაცხადა დაუშვილმა.