მიხეილ დაუშვილი - „ევრონესტის“ ასამბლეაზე ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე უარი გაუგებარი და მიუღებელია, მოლდოვამ თუ მოაწერა ხელი, ესე იგი, დოკუმენტის შესახებ სხვებმაც იცოდნენ
მიხეილ დაუშვილი - „ევრონესტის“ ასამბლეაზე ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციაზე უარი გაუგებარი და მიუღებელია, მოლდოვამ თუ მოაწერა ხელი, ესე იგი, დოკუმენტის შესახებ სხვებმაც იცოდნენ

„ევრონესტის“ ასამბლეაზე ოპოზიციის მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი გაუგებარი და მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დაუშვილის თქმით, რეზოლუციის პროექტი პარტიულ თემებს არ ეხებოდა.

„ოპოზიციის გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო, რადგან რეზოლუციის პროექტში საუბარი არ იყო პარტიულ თემებზე. დოკუმენტში საუბარი არ იყო მხოლოდ საქართველოზე, არამედ საუბარი იყო მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციაზე. დოკუმენტისთვის მხარის არდაჭერა, უბრალოდ, გაუგებარია, თან მიუღებელია.

მესმის, რომ
შეიძლება საკუთარ ქვეყანაში შიდა პარტიული ინტერესები გქონდეს და ამას ლობირებდე, მაგრამ როგორ შეიძლება, საერთაშორისო დონეზე ზეპარტიულ საკითხებს მხარი არ დაუჭირო? ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს, სულ მცირე, არასახელმწიფოებრივია. დოკუმენტს ხელი თუ მოაწერა მოლდოვამ, ესე იგი სხვებმაც იცოდნენ და ბოჭორიშვილს დოკუმენტი სადმე არ შეუცურებია. ლეგიტიმური მიზეზი უნდა თქვან, მხარის დაჭერა რატომ არ შეეძლოთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.