მიხეილ დაუშვილი - ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი
მიხეილ დაუშვილი - ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი

მიზეზი, რის გამოც თქვენ ხელს უშლით საგამოძიებო კომისიის შექმნას, არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას და 50 დეპუტატის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას, არის ის, რომ გეშინიათ, – ამის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ორი ძირითადი რამის ეშინია.

„პირველი, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამჟღავნდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს; მეორე, გეშინიათ ასევე იმის, რომ, მაღალი ალბათობით, გავლენის ჯგუფს სასამართლო სისტემაში შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური კორუფცია და სახელმწიფო ინსტიტუტები სწორედ პოლიტიკური კორუფციისთვის გამოიყენება.

„ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმი, რომელიც ერთმანეთზე არის სრულად გადაჯაჭვული. კორუფცია არის ის, რაც ხელს უწყობს მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ჯგუფის გამდიდრებას და, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებამდე არ უშვებს იმ ეკონომიკურ ზრდას და დოვლათს, რომელიც ქვეყანაში იქმნება ან უნდა იქმნებოდეს“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.