მიხეილ დაუშვილი - ჩვენი, როგორც ოპოზიციის ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არსებობს თუნდაც, უმცირესი შანსი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსამდე მივიყვანოთ
მიხეილ დაუშვილი - ჩვენი, როგორც ოპოზიციის ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არსებობს თუნდაც, უმცირესი შანსი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსამდე მივიყვანოთ

„ოცნება“ რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს, ან არ მოგვწონდეს, „ოცნება“ ხელისუფლებაშია და ჩვენი, როგორც ოპოზიციის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არსებობს თუნდაც, უმცირესი შანსი, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსამდე მივიყვანოთ, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ეს არ არის მოგვწონს, არ მოგვწონს, ვენდობით, არ ვენდობით, ვალდებული ვართ, ასეთი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ყველა ფორმატში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა დაუშვილმა.

ამ განცხადებით მიხეილ დაუშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ პარტია „საქართველოსთვის“ სტრატეგია, როცა პარტია ერთი მხრივ, თანამშრომლობს ხელისუფლებასთან სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში, ამასთან, უერთდება ოპოზიციის გამიჯნულ ნაწილს, რომელიც რიგგარეშე სესიის მოწვევას ითხოვს; თუ ოპოზიციის ნაწილი არ ენდობა ხელისუფლებას და ამ არგუმენტით სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში არ თანამშრომლობს, რიგგარეშე სესიის დანიშვნის შემთხვევაში რატომ აქვს ნდობა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი კანონპროექტები განხილული და მიღებული იქნება.

მისი თქმით, ორივე მხარე, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო ჯამში, არის რადიკალიზმის მძევალი, რითაც ისინი ქვეყანას აზიანებენ და ხელს უშლიან ევროინტეგრაციაში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ჩვენი ვალდებულება ის კი არ არის, ან ერთს, ან მეორეს დავეხმაროთ თავის რადიკალიზმში და შესაბამისად, დავეხმაროთ ხელისუფლების შენარჩუნებაში, ან ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს, რომ ხვალ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამაზე დიდი მიზანი არ არსებობს და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“, – განაცხადა დაუშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ცალკეულ ლიდერთა განცხადებს, რომ სექტემბერში იქნება დაუმორჩილებლობა და მასობრივი აქციები, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას დღეს მშვიდობა და ევროინტეგრაცია სჭირდება და არა არეულობა და გადატრიალებები.

„ვინც ამას საუბრობს, ან ფიქრობს, რომ რამე, მით უმეტეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დაძაბულობით და არეულობით, ეს აბსოლუტურად მიუღებელი და დასაგმობია მარტივი მიზეზის გამო – ამ ქვეყანას დღეს არეულობა და გადატრიალებები კი არ სჭირდება, სჭირდება მშვიდობა და ევროინტეგრაცია“, – განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, დაუშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ხელისუფლებაზე ზეწოლის სერიოზული ბერკეტები და ინსტრუმენტები საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რასაც ვხედავთ, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც შესაძლებლობა. ეს არის ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილების აღსრულება და მეორე მხრივ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით „ოცნების“ იძულება, რომ გავატაროთ შინაარსობრივი რეფორმები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, შემდგომ კი გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა დაუშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად დაასრულებს პოლარიზაციას „გირჩის“ მიერ დაყენებული ორი წინაპირობის შესრულება, საარჩევნო ბარიერის დაწევა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ მხარი დაუჭირა ბარიერის დაწევას და ამ საკითხს შემდგომშიც დაუჭერს მხარს, რადგან პოლიტიკური სივრცე რაც უფრო პლურალისტული იქნება, ეს ქვეყანას დაეხმარება, მაგრამ ცალკე აღებული, პოლარიზაციას ვერც ეს საკითხი დაასრულებს და ვერც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.

„არ შეიძლება, პოლარიზაციის დასრულება რაღაც ერთ საკითხამდე დავიყვანოთ. ეს შეუძლებელია. პოლარიზაციის დასრულება იმას ნიშნავს, რომ ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც გვერდით უნდა გადადოს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესი. პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, ვერც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა დაასრულებს“, – განაცხადა დაუშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა პარტია „საქართველოსთვის“ მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, სასჯელი უნდა აღსრულდეს, მაგრამ მეორე მხრივ, სახელმწიფო ვალდებული და პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობაზე და მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვაზე.