მიხეილ დაუშვილი - არც ერთ აქციაში არ ვაპირებთ მონაწილეობას, 24 ივნისამდე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა პარტნიორებთან მუშაობა, მათი დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
მიხეილ დაუშვილი - არც ერთ აქციაში არ ვაპირებთ მონაწილეობას, 24 ივნისამდე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა პარტნიორებთან მუშაობა, მათი დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ მომავალს, ამ დროს მთავარი საკითხი უნდა იყოს, „ოცნებამ“ დააფიქსიროს პოლიტიკური ნება იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მთავარი გზა ევროინტეგრაციისთვის და არა ის, როდის გამოვხატავთ პოზიციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილის თქმით, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ეს პროცესი დაიყვანა ფორმებამდე, თარიღებამდე და არა პოლიტიკურ ნებამდე.

„17 ივნისს და შემდგომ უკვე 23-24 ივნისს ველოდებით ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამ დროს, „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ „შეძლო“, რომ საბოლოო ჯამში ეს საკითხი დაიყვანება იქამდე, რომ მოქალაქებმა ევროკავშირის, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოზიცია აქციის სახით გამოხატონ 16, თუ 20 ივნისს. წარმოიდგინეთ, ამდენად დიდ გადაწყვეტილებას ველოდებით და ეს ყველაფერი დაიყვანება იქამდე, რომ ამაზე აქცია უნდა გაიმართოს 16, თუ 20 ივნისს. არადა, რეალობა ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად გასანზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ არაერთი წლის მომავალს და ამ დროს მთავარი საკითხი ის კიარ უნდა იყოს, როდის გამოვხატავთ პოზიციას, მთავარი საკითხი უნდა იყოს, „ოცნებამ“ დააფიქსიროს პოლიტიკური ნება და პოზიცია იმ რეფორმებთან, იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც არის მთავარი გზა ევროინტეგრაციისთვის. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „ოცნებამ“ მთელი ეს პროცესი დაიყვანა ფორმებამდე, თარიღებამდე და არა პოლიტიკურ ნებამდე. მთავარი ამოცანა უნდა იყოს „ოცნებისგან“ პოლიტიკური ნების, პოლიტიკური გადაწყვეტილების დაფიქსირება რეფორმებზე, რასაც მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან მერამდენად, პოლიტიკური ნების დაფიქსირება ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არც 16 და არც 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას.

„რაც შეეხება ჩვენ რომელში მივიღებთ მონაწილეობას – არც ერთში, მარტივი მიზეზის გამო. 24 ივნისამდე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რასაც ვაკეთებდით ბრიუსელში ვიზიტის დროს. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ გავაგრძელოთ უკვე ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამიტომ გპასუხობთ, რომ არც ერთ აქციაში ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვეუბნებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ და მეორე, აქედან გამომდინარე „ოცნებისგან“ პოლიტიკური ნებისა და გადაწყვეტილების მიღება, რომ ამ ქვეყანაში განხორციელდება რეალური რეფორმები და ქვეყანა უფრო სწრაფად წავა ევროკავშირში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.