მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს უმასპინძლა
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა პიტერ სიიარტოს მადლობა გადაუხადა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მჭიდრო თანამშრომლობისათვის და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ნაყოფიერი საქმიანობისათვის საგანმანათლებლო კუთხით. მინისტრი სასტიპენდიო პროგრამას Stipendium Hungaricum შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს და ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

„მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა ცნობილ უნგრელ მათემატიკოსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მათემატიკური სკოლის მსგავსად, უნგრული მათემატიკური სკოლა საერთაშორისოდ აღიარებულია. მინისტრმა ქართველი და უნგრელი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილა, მათ შორის, Horizon Europe-ის ფარგლებში“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ სტუმარს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მნიშვნელოვან შესაძლებლობად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შესთავაზა და პიტერ სიიარტოს მსოფლიო დონის მეგაპროექტის კონცეფცია გააცნო. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტში ლექციებს ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად და აღნიშნა, რომ მიესალმება უნგრელი მეცნიერების ჩართვას სასწავლო და კვლევით პროცესში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა უცხოელ, მათ შორის, უნგრელ სტუდენტებსაც შეეძლებათ, ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად, განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრში, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა, განთავსდება ორი ციკლოტრონი. ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – ონკოლოგიაში სამეცნიერო-კვლევით პროცესს. პიტერ სიიარტომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგაპროექტს მაღალი შეფასება მისცა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე სპორტის მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების კუთხით თავისი ხედვა გააცნო, რომლის განხორციელება პანდემიის დასრულების შემდგომ გახდება შესაძლებელი. შეხვედრის დროს მინისტრებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი განახლებულ მემორანდუმებს, რომლებიც თანამშრომლობის გაფართოებას ორი მიმართულებით ითვალისწინებს: უნგრეთის სასწავლო სტიპენდიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

„დღეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან. შეხვედრის დროს ხელი მოვაწერეთ ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, პირველი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების მიმართულებით, კერძოდ, განვითარდება და გაგრძელდება Stipendium Hungaricum-ის პროგრამა. მეორე დოკუმენტი ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მინისტრთან ასევე ვისაუბრეთ სპორტის სფეროში თანამშრომლობაზე, კერძოდ, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაზე“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმართ იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომლის გამოცდილებაც უკვე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, თანამშრომლობის გაღრმავების გზით განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ყალიბდება ხალხთა შორის ურთიერთობაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული მემორანდუმის საფუძველზე გაღრმავდება ქართულ-უნგრული თანამშრომლობა საგანმანათლებლო კუთხით. მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის – Stipendium Hungaricum-ის პარალელურად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით, ამოქმედდება ქართულ-უნგრული პროფესიული სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც თეორიულ საგანმანათლებლო კურსებთან ერთად პრაქტიკულ პროგრამებსაც მოიცავს. უნგრეთი საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია.

2017 წლიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება სასტიპენდიო პროგრამა Stipendium Hungaricum, რომლის შედეგადაც, ყოველწლიურად, საქართველოს მოქალაქეები უნგრეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე და განსხვავებულ პროგრამებზე, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებას, თანამშრომლობის სფეროებს არქეოლოგიაც დაემატება, რაც მეცნიერებს ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების განხორციელებისა და საქართველოსა და უნგრეთში დაცულ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე სამეცნიერო კვლევების განხორციელების საშუალებას მისცემს.

დატოვე კომენტარი