მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს, სტუ-ს, თსსუ-ს, ილიაუნისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სტუდენტური საცხოვრებლების  მშენებლობის საკითხი განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს, სტუ-ს, თსსუ-ს, ილიაუნისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის საკითხი განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ჯაბა სამუშიასთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, დავით გურგენიძესთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ნინო დობორჯგინიძესთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერთან, ზურაბ ორჯონიკიძესთან და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან სტუდენტური საცხოვრებლების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მინისტრმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილა, რაც პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს.

თავის მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებმა მინისტრს მოკლე ვადებში სტუდენტთა საცხოვრებლებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები გააცნეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტების განხორციელების საქმეში მათ მხარდაჭერას გაუწევს.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ნუნუ მიცკევიჩი და ვალერიან გობრონიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.