მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წელს სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ გავზარდეთ მესამე არჩევითი საგნების სია და, შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა. მინდა, ყველა აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება ვუსურვო!“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს.

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის ტარება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს აქვს შესაძლებლობა, პირბადე თავად იქონიოს. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს გამოცდის დღეს დადასტურებული ექნება „კოვიდი“ და რეგისტრირებული იქნება ჯანდაცვის ბაზაში, მისთვის დამატებით სესია გაიმართება, სადაც ის შესაბამისი საგნის ჩაბარებას შეძლებს.

გამოცდებთან დაკავშირებით წელს სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტებისთვის გაფართოვდა მესამე არჩევითი სავალდებულო საგნის ჩამონათვალი – ისტორიასა და მათემატიკასთან ერთად, მათ შეუძლიათ ჩააბარონ მაპროფილებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც თავად აირჩევენ სასურველი პროფესიის გათვალისწინებით (ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება).

ამასთან, წელს პირველად ტარდება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის და ასევე წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის.

დატოვე კომენტარი