მიხეილ ჩხენკელმა სოფელ წვირმის სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
მიხეილ ჩხენკელმა სოფელ წვირმის სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა ექნებათ.

„დღეს დავათვალიერეთ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი. ეს სკოლა არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ აისახება მასწავლებლების მაღალი პროფესიონალიზმი და დაუღალავი შრომა მოსწავლეების წარმატებაზე. ამ სკოლის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები არიან არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულები. ძალიან მიხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ ექნებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. აქ განთავსდება კომპიუტერული ლაბორატორიები და მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა სწავლისთვის. ანალოგიური პროექტები მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში მრავალი ახალი სკოლა შენდება, რადგან ჩვენს მოსწავლეებსა და ახალგაზრდებზე ზრუნვა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა მინისტრმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ წვირმის საჯარო სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობა ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. მსუბუქი კონსტრუქციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ერთსართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სასწავლო სივრცეებთან ერთად, სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, ეზოში კი – სარეკრეაციო სივრცე. გარდა ამისა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.

სოფელ წვირმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით და მისი ღირებულება 1.404 640 ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი