მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს, ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები გააცნო, მადლობა გადაუხადა მას საქართველოს, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისთვის. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი ღიაა შვეიცარიელი პროფესორებისთვისა და სტუდენტებისათვისაც.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა შვეიცარიელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა ტესტირება სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

თავის მხრივ, შეხვედრის ფარგლებში ჰაიდი გრაუმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგაპროექტს და ამ მიმართულებით სამინისტროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მყოფ უკრაინელ მოსწავლეებზე ისაუბრეს.

„მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია და, შედეგად, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოში მშობლიურ ენაზე შეძლებენ ზოგადი განათლების მიღებას“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მეუვლი.