მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა
მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მართლაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც უკვე წლებია, ემსახურება პედაგოგების როლის დაფასებასა და მათი შრომის აღიარებას.

მინისტრმა საუბრისას ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში პედაგოგების ფასდაუდებელ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მასწავლებლობა ერთ-ერთი გამორჩეული, უაღრესად საპატიო, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა და თითოეული პედაგოგი, მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე ზრუნვით, ყოველდღიურად სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, დიანა წურწუმიამ მოიპოვა, ქართულის, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად ფიფია გახდა, ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ქეთევან ემრაშვილს მიენიჭა, ხოლო გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია კილაძე დასახელდა.

კონკურსის გამარჯვებულებს მინისტრმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ამასთან, პედაგოგებმა პლანშეტები და სპეციალური პრიზები მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, ცენტრის თანამშრომლები, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სიუზან რადვანი, საკონკურსო კომისიის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები. 2022 წლის ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს. საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე, სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.