მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან, მარია ელენა ალ-გაბრესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ფილიპინებს შორის.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის.

მხარეებმა ერთმანეთს პანდემიის დროს თავიანთ ქვეყნებში გატარებული ღონისძიებები გააცნეს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა და ამ გზით ვირუსის გავრცელების პრევენცია.

მიხეილ ჩხენკელმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.