მიხეილ ჩხენკელმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პროფესიული განათლების განვითარება და ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა იყო.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დასაქმებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განახორციელა, ამ ეტაპზე კი, არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვაზე, ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებაზე, ინგლისური ენის სწავლების კომპონენტის გაძლიერებაზე და სხვა.

თავის მხრივ, შეინ როზენტალმა  აღნიშნა, რომ ბანკი მზად არის, პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს.