მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ- ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა დიეგო კოლასს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო დონის მეგაპროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრეს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ. მინისტრის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომლის ოჯახის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს რენის უნივერსიტეტთან და მზად არის სხვა ფრანგულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად.

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით მხარეს.

ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული პროექტის – ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა.

საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამების გაფართოვება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: პიერ კლუე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი და მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, ბერნარდ მენო, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი, დავიდ ტერტრი, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი