მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ოლიმპიადიდან მედლებით დაბრუნებულ მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნებულ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გვეამაყება თითოეული თქვენგანი. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განძი. ოლიმპიური მედლებით დაბრუნდით და ჩემთვის ფაქტობრივად ოლიმპიური ჩემპიონები ხართ! ასევე, მინდა მივულოცო მასწავლებლებს, რომლებმაც ძალიან გვასახელეს. მართლაც ბრწყინვალე შედეგები გქონდათ ყველას და მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. ქართული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდებს ისტორიული მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის – შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა.

„თქვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან დიდი ასპარეზი იქნება,“- განაცხადა მინისტრმა.

2020 წლის 8-12 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელშიც 21 ქვეყნის 600 მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველი მოსწავლეები უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდნენ. მათ 16 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

ოქროს მედალოსნები: თეიმურაზ თოლორაია – 42-იდან 42 ქულით, აბსოლუტური პირველი ადგილი (მათემატიკა – კომაროვი), ნიკოლოზ ბირკაძე (მათემატიკა – კომაროვი) და ანა ონოფრიშვილი (მათემატიკა – კომაროვი). ვერცხლის მედალოსნები: ლუკა მუშკუდიანი (მათემატიკა – კომაროვი), ზაურ ბოკეველაძე (მათემატიკა – კომაროვი), გიორგი ძაძამია (ფიზიკა – კომაროვი), არჩილ ბასაძიშვილი (ინფორმატიკა – კომაროვი) და გიორგი ჩხაიძე (ინფორმატიკა – კომაროვი). ბრინჯაოს მედალოსნები: ლაშა კვატაშიძე (მათემატიკა – ქუთაისის რაზმაძის სკოლა), ნიკა გლუნჩაძე (მათემატიკა – ვეკუა), დემეტრე გელაშვილი (მათემატიკა – ვეკუა), თამარ კორკოტაშვილი (მათემატიკა – კომაროვი), ჯონითოიძე (ფიზიკა – კომაროვი), ლუკა კირთაძე (ფიზიკა – კომაროვი), ლუკა კოპაძე (ფიზიკა – კომაროვი) და დავით მემარნიშვილი (ინფორმატიკა -კომაროვი).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ქართველმა პედაგოგებმა – ლელა მამულაშვილმა (მათემატიკა – ვეკუა) და მიხეილ სოხაშვილმა (ფიზიკა – კომაროვი) მოიპოვეს. მესამე ადგილი კი ვახტანგ შეკიშვილმა (ინფორმატიკა – რაზმაძე), ლუკა ხიზანიშვილმა (ფიზიკა – ვეკუა) და თეიმურაზ კალატოზმა (ფიზიკა – კომაროვი) გაინაწილეს.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდების მონაწილეობას ფინანსურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.