მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ გახსნა.

პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორმა, მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა, საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება და წარმატებები უსურვა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას დავესწარი. ძალიან ამაღელვებელი ცერემონია შედგა. დღეს მართლაც ისტორიული დღეა!

მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველ თაობას. გულითადად გილოცავთ ამ უნივერსიტეტის სტუდენტობას და სწავლის დაწყებას. თქვენ, უნიკალური უნივერსიტეტის პირველი ნაკადი, საქართველოს აკადემიური ისტორიის ნაწილი ხართ! ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა მართლაც გამორჩეული შესაძლებლობაა, ეს არის ძალიან დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაც. დღეს იწყება თქვენი ცხოვრების საინტერესო და წარმატებული პერიოდი. დარწმუნებული ვარ, რომ გავა წლები და თითოეული თქვენგანი დიდი სიხარულით გაიხსენებს დღევანდელ დღეს.

მინდა, გისურვოთ წარმატება სწავლის პროცესში, ხოლო მომავალში – წინსვლა და მიღწევები პროფესიულ ასპარეზზე. განათლება არის ყველაზე ღირებული ინვესტიცია და არა მხოლოდ თითოეული თქვენგანის ინდივიდუალური წარმატების საფუძველია, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარიც გახლავთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM-ის მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. წელს 1 112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

რეიტინგის მიხედვით, ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. ამ პროგრამაზე წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35 პროცენტი გოგონაა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90 პროცენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78 პროცენტმა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

სტუდენტთა რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნული კონკურსისა და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორისაა მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი  ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი