მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ ამ დამსახურებულ გამარჯვებას! თითოეული თქვენგანის მიღწევა ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, თქვენი თაობა გამორჩეული შესაძლებლობებითა და უნიკალურობით აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს. მინდა, ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და გუნდის ლიდერებს მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის მოპოვებული ჯილდოებისთვის და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩენისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და შემართებით კიდევ არაერთხელ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და მჯერა, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება გელოდებათ!“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მოსწავლეებმა სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში 20-24 მაისს გამართულ ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა მიიღო და თითოეულმა მოსწავლემ შეძლო მედლის მოპოვება.
„აღსანიშნავია, რომ 27 ქვეყნის 189 მონაწილე მოსწავლიდან ოქროს მედალი მხოლოდ 12-მა მიიღო, მათ შორის, ორი ოქროს მედალი ქართველ მოსწავლეებს გადაეცათ.
საქართველოს ნაკრები ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული. ოქროს მედლები კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ მალცევმა და ირაკლი უგულავამ მოიპოვეს. ვერცხლის მედალი ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ანდრია მანჯავიძემ მიიღო, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, გრიგოლ ცირეკიძე და დურმიშხან ქართველიშვილი გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გენადი მარგველაშვილმა ევროპის ფიზიკოსთა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელ იან კალდასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ოლიმპიადის საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. კომიტეტის წევრებმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს და ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების სავარაუდო თარიღად 2025 წელი დაასახელეს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.