მიხეილ ჩხენკელმა ნიუ იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ნიუ იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან, ენდრიუ ჰამილტონთან გამართა შეხვედრა. მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ენდრიუ ჰამილტონს საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ჩხენკელის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტის ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი დაარსდება, სადაც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის სურვილი უკვე არაერთმა უცხოელმა მეცნიერმა გამოთქვა. ეს პროცესი ორი ციკლოტრონის შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე კი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის. ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი. იგი იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი.