მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსში გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსში გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, პროდრომოს პროდრომუსის მიწვევით, ნიქოზიაში გაერო-ს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის განათლების მინისტრების მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კოლეგებთან განათლების სისტემის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა და სიტყვით გამოსვლისას, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით განათლების უმნიშვნელოვანეს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივია, მონაწილეობა მივიღო ამ უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზებზე და ამ მიმართულებით განათლების მნიშვნელობაზე ვიმსჯელებთ. ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობიანი, ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას. საქართველოში თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების ახალი პოლიტიკის ხედვა ეფუძნება სამ უმთავრეს საყრდენს – ხარისხის, სამართლიანობისა და კარგი მმართველობის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიას თან ერთვის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ აქტივობებს. თავის მხრივ, აღნიშნული აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში განათლების მაღალი ხარისხისა და უწყვეტობის უზრუნველყოფას.

მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებზეც თანხმდება გაერო-ს ყველა წევრი ქვეყანა, საზოგადოების წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს – სიღარიბეს, უთანასწორობას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. აღნიშნული მიზნების განხორციელებისა და გლობალური გამოწვევების დაძლევის საქმეში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მომავალი თაობის აღზრდა და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) სრულად მოარგო ეროვნულ საჭიროებებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, უზრუნველვყოთ ისეთი განათლების სისტემა, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ინკლუზიურ, თანასწორ და ჯანსაღ გარემოში მიიღონ ხარისხიანი განათლება, რაც მათი პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების მყარ საფუძველს შექმნის. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალურ საფუძველს წარმოადგენს. ამ მიმართულებით მინდა, გამოვყო გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული „განათლების ტრანსფორმაციის“ სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, სადაც მან საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების, ტექნოლოგიებსა და ინოვაციების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო, რაც სრულ თანხვედრაშია გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრმა არსებული გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ყველა კრიზისი ბადებს შესაძლებლობებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელონ მეცნიერების განვითარებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ზრუნვა, რაც მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობას წარმოადგენს.

კვიპროსის რესპუბლიკისა და გაერო-ს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მხარდაჭერით ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობა ასევე მიიღეს UNECE-ს წევრი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების განათლების მინისტრებმა და მაღალი დონის ოფიციალურმა პირებმა, საჯარო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და რეგიონული, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს