მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშთან განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშთან განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განსაკუთრებულად გამოყო პროფესიული განათლების მიმართულებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) მიღწეული შედეგები.

GIZ-ის ხელშეწყობით ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემაში გერმანული დუალური მოდელი დაინერგა და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მიხეილ ჩხენკელმა ჰუბერტ ქნირშს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია გააცნო, რომელიც პროფესიული სასწავლებლების ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს და ადგილობრივ საჭიროებებს უპასუხებს. შედეგად, როგორც ახალგაზრდებს, ასევე ზრდასრულებს ყველა მუნიციპალიტეტში ექნებათ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. ამისათვის სამინისტრო პროფესიული კოლეჯების, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო სივრცეებს გამოიყენებს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართვა და პროგრამების შემუშავებისას მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინება. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება პროფესიული უნარების ახალი სააგენტო – „The Skills Agency of Georgia”.

მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების სისტემაში ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, 2020 წელს სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები, რომლებიც ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ. გარდა ამისა, 2020 წლის ცვლილებებით პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანულ მხარესთან პროფესიული განათლების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაზეც, თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეებმა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების გზებიც განიხილეს. უმაღლესი განათლების შესახებ საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ გერმანელი პროფესორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში, როგორც ადმინისტრირების, ასევე, აკადემიური მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი განათლების შესახებაც ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს გერმანული ენის მასწავლებლების მხარდაჭერის აუცილებლობას მათი პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე შეეხნენ სკოლებში გერმანული ენის სწავლების გაძლიერების აუცილებლობას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.