მიხეილ ჩხენკელმა და კელი დეგნანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის შეთანხმება გააფორმეს
მიხეილ ჩხენკელმა და კელი დეგნანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ონლაინრეჟიმში შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. აღნიშნული შეთანხმება ქმნის იდეების, ინფორმაციის, ტექნოლოგიების გაცვლისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამ სფეროების განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების კეთილდღეობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდება.

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რომლის როლი უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარების კუთხით. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და პირადად ელჩს, კელი დეგნანს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი უზარმაზარი წვლილისათვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის გრძელი და წარმოსადეგი ისტორია მეცნიერებისა და განათლების სფეროში – ქართული უნივერსიტეტების მხარდასაჭერად სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლითი პროგრამების მეშვეობით.

„დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი მთავრობების სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის განმტკიცებისთვის“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმება საქართველოსა და აშშ-ს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის ათწლიანი პერიოდით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. მის მთავარ მიზანს მხარეთა სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება და ორივე ქვეყნის აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაფართოების ხელშეწყობა წარმოადგენს.

„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების სფეროში მრავალი წელია, გრძელდება. ამ ეტაპზე ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება USAID-ის შვიდი მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი – Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT), რომელიც მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ფართოვდება Fulbright-ის პროგრამა და დაემატება „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) კომპონენტი, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე კომპაქტის მიერ საქართველოს განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულმა უმსხვილესმა ინვესტიციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე. კომპაქტის ფარგლებში 2014-2019 წლებში სრულად რეაბილიტირდა 91 საჯარო სკოლა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 000-მდე მოსწავლისთვის, 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ და საინჟინრო ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის თანამშრომლობის შედეგად 2020 წელს, რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა საბაკალავრო პროგრამამ მიიღო ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია“, – აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.