მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში ნატო-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში ნატო-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, NATO-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ორგანიზაციასა (STO) და ქართულ მხარეს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა NATO-ს მთავარ მეცნიერს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რაც გამყარებულია ქვეყნის კონსტიტუციით და ის ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია. ალიანსში ინტეგრაციის გზაზე კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია NATO-თან სამეცნიერო და ინოვაციური განზომილების კუთხითაც დაახლოება. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში საზეიმოდ ეწერება ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, ასევე ინოვაციების სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

სამინისტროს ცნობით, ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამის Horizon Europe კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. დაწყებულია Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. მათი ფუნქცია იქნება მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. ასევე, უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. მინისტრმა ბრაიან უელსს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

მიხელ ჩხენკელმა ბრაიან უელსს უახლესი გეგმა გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებასთან დაკავშირებით და NATO-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების ორგანიზაციას ამ პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა შესთავაზა. მხარეები აღნიშნული პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ადრონული თერაპიის ცენტრს, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სწორედ ბელგიაში, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარის დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ციკლოტრონი საშუალებას მისცემს NATO-ს წევრი ქვეყნის მეცნიერებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად განახორციელონ კვლევითი პროექტები.

NATO-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრას NATO-თან საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი ვიქტორ დოლიძე და STO-ს სტრატეგიისა და პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ულფ ეჰლერტი ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი