მიხეილ ჩხენკელი - ზოგადი განათლების სისტემაში დანერგილი დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით აკადემიური წელი არ გამოცხადდება
მიხეილ ჩხენკელი - ზოგადი განათლების სისტემაში დანერგილი დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით აკადემიური წელი არ გამოცხადდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,  მიხეილ ჩხენკელმა დღეს განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.

„ზოგადი განათლების სისტემაში დანერგილი დისტანციური სწავლების შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია, ხაზგასმით ვთქვათ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ეს სემესტრი შედგა. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება.  მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ისინი ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სკოლებში წარმატებით მიმდინარეობს დისტანციური მეთოდებით სწავლება, რომელიც სამინისტრომ, Covid-19-ის პრევენციისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა. მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლის, გაზაფხულის სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.

გეგმის წარდგენისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლების დანერგვამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ეკონომიკის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) ჩარჩო დოკუმენტში Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით, საქართველოში განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დასახელდა. შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს ასევე მაღალი შეფასება მისცა გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამაც UNICEF).

ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა ალტერნატიული საშუალება შესთავაზა, მათ შორის, Microsoft Teams-ის პროგრამა, ონლაინ სწავლების ქართული პლატფორმა FeedcEdu და პროექტი „ტელესკოლა“.

მინისტრმა დისტანციური სწავლების თითოეული მეთოდი განიხილა და აღნიშნა, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) დახმარებით „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შექმნა Microsoft Office 365-ის 600 ათასი სამომხმარებლო ანგარიში საჯარო სკოლების მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ამასთან, Microsoft Teams-ის პროგრამაში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახი, სადაც ყველა სკოლის ნებისმიერი საფეხურის მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, თანაკლასელებთან ერთად ჩართული იყოს სასწავლო პროცესში. ონლაინ-სწავლების უკეთ წარმართვისთვის სამინისტროს მხარდაჭერით, Microsoft Teams-ის ქართულად თარგმანზე მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, სკოლებში მიმდინარეობს Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა.

რაც შეეხება ონლაინ-სწავლების ქართულ პლატფორმას FeedcEdu, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროგრამა გამართულად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და მისი გამოყენებისას საჭირო არ არის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. პლატფორმა იძლევა დავალებების გაზიარების, დოკუმენტების ატვირთვა-ჩამოტვირთვის, ჯგუფური მეცადინეობის წარმართვის შესაძლებლობას და მისი გამოყენება მარტივია როგორც პედაგოგისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი „ტელესკოლა“ კი, სამინისტრომ საქართველოს პირველ არხთან ერთად 30 მარტიდან დაიწყო.

პროექტზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ „ტელესკოლის“ განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემამ დისტანციური სწავლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე იზრუნა.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები, ხოლო გაკვეთილების დაგეგმვისას მაქსიმალურად გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ინტერესები. ამასთან, „ტელესკოლას“ 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაემატა.