მიხეილ ჩხენკელი - ზოგადი განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება
მიხეილ ჩხენკელი - ზოგადი განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება

ზოგადი განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ცვლილება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„7 მაისს ჩვენი ახალი ინიციატივების ვრცელი პრეზენტაცია გვექნება, მაგრამ მინდა, მთავარი საკითხები ახლავე გამოვყო. როცა სწავლის ხარისხზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, პედაგოგის ხარისხზეა საუბარი. საბედნიეროდ, ბევრი ბრწყინვალე პედაგოგი გვყავს, მაგრამ კვალიფიკაციის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ამ კუთხით სიახლეს ვნერგავთ. ამ ზაფხულს სპეციალური ტრენინგები დაიწყება, სადაც აქცენტი პრაქტიკული პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება გაკეთებული. ტრენინგებში, ჩვენს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, უცხოელი კოლეგებიც იქნებიან ჩართული და ეს ტრენინგები უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, ტრენინგები მასწავლებლების დონეს ცალსახად გაზრდის და კვალიფიკაციის ამაღლების შანსი ყველა პედაგოგს ექნება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაიზრდება თუ არა პედაგოგების ანაზღაურება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გასაზრდელია ყველა იმ ადამიანის ხელფასი, ვინც სკოლაში მუშაობს.

„მასწავლებლისა და პროფესორის პრესტიჟი უნდა ამაღლდეს, ამ ორი ურთულესი პროფესიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და პედაგოგის შრომა ყველამ უნდა დააფასოს. ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის აქტივობები გვაქვს დაგეგმილი – ჯილდოების, პროფესიული კონფერენციების სახით და ა.შ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.