მიხეილ ჩხენკელი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ტრაგედიებს აგვაცილებს
მიხეილ ჩხენკელი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ტრაგედიებს აგვაცილებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა.

ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს ფსიქოსოციალური ცენტრის ფსიქოლოგები „მწვანე სკოლაში“, ასევე, მე-100 და 169-ე სკოლაში აგრძელებენ მოსწავლეებთან მუშაობას, რათა მათ სტრესის გადალახვაში დაეხმარონ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს უმთავრესი მიზანი, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვაა.

„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აგვაცილებს მსგავს ტრაგედიებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსაწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება, იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება; ფსიქოსოციალური მიმართულების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვენლოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. როგორც იცით, ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტუილი ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა“ ,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით,  განათლების სამინისტრო ერთი კვირის ვადაში წარმოადგენს ზუსტ და დროში გაწერილ გაგმას, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

„დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი გამართავს მორიგ შეხვედრას, გააგრძელებს ამ საკითხზე მსჯელობასა და მუშაობას“ ,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა,