მიხეილ ჩხენკელი ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო
მიხეილ ჩხენკელი ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების – შუაგორისა და ინაშაურის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა და პანდემიის დროს გაწეული ღვაწლისათვის, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ინაშაურის საჯარო სკოლის დირექტორს ზირაქ ჯანელიძეს 80 წლის იუბილე პირადად მიულოცა, მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ჯანმრთელობა უსურვა.

ზირაქ ჯანელიძე გერმანულისა და რუსული ენის მასწავლებელია, თუმცა რამდენიმე წელია, სპორტის მასწავლებლის სერტიფიკატი აიღო, სტატუსიც აიმაღლა და სპორტის უფროსი პედაგოგი გახდა.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოება და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინისტრის თქმით, ყველა სკოლა უკვე აღიჭურვა ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები.

ვანის მუნიციპალიტეტის სკოლებში მასწავლებელთა სავალდებულო სისტემური ტესტირების პროცესი ორ კვირაში ერთხელ მიმდინარეობს. 2020-2021 სასწავლო წლისთვის ვანის მუნიციპალიტეტში 19 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, მოწესრიგდა სველი წერტილები, გამოიცვალა გადახურვა და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. ხოლო 2021 წელს იგეგმება ამავე მუნიციპალიტეტის 18 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.