მიხეილ ჩხენკელი - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარისხის კონტროლი საკმაოდ მკაცრი იქნება
მიხეილ ჩხენკელი - უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარისხის კონტროლი საკმაოდ მკაცრი იქნება

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარისხის კონტროლი საკმაოდ მკაცრი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ უნივერსიტეტების არაგეგმური მონიტორინგი და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა დავიწყეთ. სახელმწიფომ აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს სრული სიმართლე უნდა უთხრას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლებელი იქნება ავტორიზებული, რომელსაც შესაბამისი სტანდარტი გააჩნია“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ამ განცხადებით მიხეილ ჩხენკელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას გეგმავს სახელმწიფო იმისთვის, რომ საქართველოში არსებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ცოდნა მისცენ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს გეგმური მონიტორინგი ჩატარდება და უმაღლეს სასწავლებლებში კომისიები შევლენ, რომლებიც უნივერსიტეტებს წელს დამკვიდრებული ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისობის კუთხით შეამოწმებენ.

„ამ კომისიების თავმჯდომარე განათლების ევროპელი ექსპერტი იქნება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ პროცესი სრულიად მიუკერძოებელი, აბსოლუტურად ობიექტური და გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, თუ რომელიმე უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდება, ამით არც ერთი სტუდენტი არ იზარალებს, რადგან მათი სხვა უნივერსიტეტებში გადაყვანა მობილობით მოხდება.

დატოვე კომენტარი