მიხეილ ჩხენკელი - თსუ მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულება, ის ჩვენი კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების მყარი ფუნდამენტია
მიხეილ ჩხენკელი - თსუ მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულება, ის ჩვენი კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების მყარი ფუნდამენტია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 102 წლისაა. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

აღნიშნულ თარიღს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თსუ მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულება. მისი თქმით, ის ჩვენი კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების მყარი ფუნდამენტია.

​„1918 წელს ჩვენი ქვეყნის ყველაზე თვალსაჩინო შვილთა მიერ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება ახალ დროში იმ ათასწლოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებად იქცა, რომელიც უძველესი კოლხეთის აკადემიიდან იღებს სათავეს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით გვირგვინდება. ამიერიდან, სწორედ მან იკისრა ქვეყნის ინტელექტუალური, სამეცნიერო და შემოქმედებითი ატმოსფეროს განსაზღვრა და ამ როლს დღესაც წარმატებით ასრულებს.

ამიტომ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულება – იგი ჩვენი კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების მყარი ფუნდამენტია.

მეამაყება, რომ დედაუნივერსიტეტის აღზრდილი ვარ და შემდგომაც, იქ მუშაობისას, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი წვლილი შემეტანა მის წინსვლაში.

კვლავაც თანადგომას ვპირდები თითოეულ პროფესორსა და სტუდენტს, უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს და მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს!“ – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.