მიხეილ ჩხენკელი - თსუ ჩვენი ეროვნულობის სიმბოლოა
მიხეილ ჩხენკელი - თსუ ჩვენი ეროვნულობის სიმბოლოა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს არამხოლოდ ცოდნისა და მეცნიერების ტაძარს, არამედ არის ჩვენი ეროვნულობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა უნივერსიტეტის თანამშრომლებს ახალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ისტორიული დღეა დღეს საქართველოში. უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. ეს უაღრესად დიდი მოვლენაა ერის ისტორიაში, რამეთუ ჩვენს უნივერსიტეტს სწორედ დედა უნივერსიტეტს ვუწოდებთ და ამაში თვალნათლივ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება უნივერსიტეტის მიმართ, ჩვენი უდიდესი სიყვარული ცოდნის ამ ტაძრის მიმართ. ეს არის ადგილი, სადაც არის მთავარი სამჭედლო ჩვენი მომავალი თაობის, ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის. აქ იქმნება ახალი ცოდნა, აქ წინ მიდის მეცნიერება და ყველა პროფესორ-მასწავლებელს, ყველა მეცნიერს, ყველა თანამშრომელს მთელი გულით მინდა დიდი მადლობა გითხრათ პირადად ჩემგან და საქართველოს განათლების სამინისტროს სახელით, იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თქვენ წევთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საშვილიშვილო საქმეში“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის თქმით, განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისივე თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას.

„ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორც აკადემიური, ისე ზოგადად სამეცნიერო-ინტელექტუალური კუთხით, ის ფაქტი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკო-ს ეგიდით აღინიშნება, ასევე ის, რომ 160-ზე მეტი გამოჩენილი მეცნიერი, წამყვანი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები აქ არიან, თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტი წარმოადგენს არამხოლოდ ცოდნისა და მეცნიერების ტაძარს, არამედ არის ჩვენი ეროვნულობის სიმბოლოს. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ აკადემიურ სამეცნიერო-საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიბადება. ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში დაარსდება და იფუნქციონირებს ქართველოლოგიის კათედრები და ცენტრები. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. უცხოელ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია“, – განაცხადა ჩხენკელმა.