მიხეილ ჩხენკელი - „ტელესკოლის“ ფარგლებში აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციას წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ
მიხეილ ჩხენკელი - „ტელესკოლის“ ფარგლებში აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციას წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის „ტელესკოლის“ ფარგლებში აბიტურიენტს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციას წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ორშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ჩატარდება აბიტურიენტის საათი, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები მათ გაუწევენ კონსულტაციას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია. ახალი საგანმანათლებლო არხისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ლოგო, შეფუთვა, სამაუწყებლო ბადე და საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 30 მარტიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ.