მიხეილ ჩხენკელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განუზომელ როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში, დაკისრებული აქვს თაობების აღზრდის და საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მისია
მიხეილ ჩხენკელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განუზომელ როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში, დაკისრებული აქვს თაობების აღზრდის და საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მისია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 104 წელი შესრულდა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაჩნდა განათლების პირველი კერა. ეს გახლდათ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების ისტორიაში. დაარსებიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განუზომელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში – მას დაკისრებული აქვს არა მხოლოდ მეცნიერების განვითარების, არამედ თაობების აღზრდის და ამ ნიადაგზე საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი მისია. უმდიდრესი სამეცნიერო ტრადიციების მქონე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამეცნიერო მიმართულებით მაღალი თამასა უჭირავს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი დიდ როლს ასრულებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ტრადიცია მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლებს – მათ უმნიშვნელოვანეს ღვაწლს ქართველი ერის წინაშე. მთელი გულით ვულოცავ საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრს: სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეს და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში“, – ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. 1989 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.