მიხეილ ჩხენკელი - სამინისტროს ინიციატივაა, შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ვაკანსიების მოძებნაში დაეხმარება
მიხეილ ჩხენკელი - სამინისტროს ინიციატივაა, შეიქმნას ელექტრონული სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ვაკანსიების მოძებნაში დაეხმარება

„დასაქმების სამკუთხედი“ განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივაა. ეს იქნება ელექტრონული კომპიუტერული სისტემა, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე იქნება აგებული, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„სქემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ სამკუთხედის ერთი წვერი არის სამუშაოს მაძიებელი, მეორე ეს გახლავთ ვაკანსიები და მესამე არის პროფესიული განათლება. როდესაც სამუშაოს მაძიებელი ეძებს სამსახურს, მოხდება მისი CV-სა და წარმოდგენილი ინფორმაციის დაკავშირება მეორე წვეროსთან, რომელიც არის ვაკანსიები და იმ უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელიც ვაკანსიას ექნება, აუცილებლად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს. თუ ეს კავშირი უკვე დამყარდება, მაშინ ეგრევე მოხდება აპლიკანტის გასვლა ინტერვიუზე, გასაუბრებაზე. მაგრამ თუ ეს არ მოხდა, რაც ძალიან ხშირად ხდება, მაშინ კომპიუტერული პროგრამა შესთავაზებს სამსახურის მაძიებელს, რომ ის უნარ-ჩვევები, რაც მას აკლია იმისთვის, რომ ეს სამსახური მიიღოს, შეუძლია შეიძინოს კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებლებში. ეს იქნება ერთობლივი პროექტი ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროსი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან განათლების სამინისტრო აქტიურად ითანაშრომლებს, რომ ბაზები გაერთიანდეს.

„რეალურად, მათ აქვთ ბაზა, სადაც არის ვაკანსიები და არიან სამსახურის მაძიებლები. ჩვენ კი გვაქვს ბაზა, სადაც ასახულია პროფესიული სასწავლებლები და ის პროგრამები და უნარ-ჩვევები, რომლებიც საგანმანათლებლო კუთხით შეუძლია მიიღოს სტუდენტმა. ეს ბაზები ასე ვთქვათ, აქამდე არ საუბრობდნენ ერთმანეთში, ახლა კი დაიწყებენ ელექტრონულ საუბარს, ანუ გაკეთდება ერთი სისტემა, რომელიც აპლიკანტს შესთავაზებს იმ კონკრეტულ პროგრამას, რომელიც მას გარანტიას მისცემს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, მას ექნება ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჭირდება ამა თუ იმ სამსახურის მისაღებად“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აპლიკაციაში შესვლამდე აპლიკანტს საშუალება ექნება კონსულტაცია გაიაროს.

„აქვე აღვნიშნავ, რომ სანამ ადამიანი აპლიკაციაში შევა, მანამდე იქნება ადამიანური რესურსიც. იქნება კონსულტაციის სერვისი, რომელიც მაგალითად, აპლიკანტს დაეხმარება თუნდაც CV-ის დაწერაში. ის შეუდგენს CV-ს მოხდება საკვანძო სიტყვების იდენტიფიკაცია, რომლებიც გაუადვილებს სამუშაოს მაძიებელს, რომ ეფექტურად გამოიყენოს დასაქმების ეს მეთოდი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.