მიხეილ ჩხენკელი - საჭიროა, უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხი ძირფესვიანად გადაიხედოს
მიხეილ ჩხენკელი - საჭიროა, უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხი ძირფესვიანად გადაიხედოს

უმაღლესი განათლების ამჟამად არსებულ ვაუჩერულ დაფინანსებას თავისი პლუსები აქვს, მაგრამ საერთო ჯამში, ეს არ მუშაობს და საჭიროა, უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხი ძირფესვიანად გადაიხედოს,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მსოფლიო ბანკთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი შეიცვალოს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, დღესდღეობით, სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსები მხოლოდ სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილ თანხაზეა დამოკიდებული, რაც უნივერსიტეტების განვითარებისთვის არანაირად არ არის საკმარისი და ამიტომ, დაფინანსების სისტემა უნდა შეიცვალოს.

„ერთ-ერთი იდეა, რომელსაც აქტიურად განვიხილავთ, სახელმწიფოს მიერ საბაზისო დაფინანსებაა, რათა ის პირველ რიგში, სამეცნიერო კვლევითი პროცესისა და სასწავლო პროცესის განვითარებას მოხმარდეს. მოდელებზე მალე შევჯერდებით და მათ საჯარო განხილვებს მოვაწყობთ, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები და დაინტერესებული პირები“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ამ განცხადებით მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა იგულისხმება ე.წ. უფასო ფაკულტეტების არსებული ფორმის ცვლილებაში, რასაც edu.aris.ge-ზე გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტრო 2019 წელს გეგმავს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გაუქმდება თუ არა ე.წ უფასო ფაკულტეტები, როგორც ეს საზოგადოებამ აღიქვა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის და საუბარია ახალ მოდელზე გადასვლაზე.

„რაც შეეხება იმას, თუ რა თანხას გადაიხდის სტუდენტი, ზოგადად, ჩემი პოზიცია ის გახლავთ, რომ სტუდენტის მიერ გადახდილი თანხა უნდა შემცირდეს. საბაზისო დაფინანსება ამის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება, მაგრამ რაც edu.aris.ge-ზე გაჟღერდა, პირდაპირ არ არის ის, რაც ჩაფიქრებულია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.