მიხეილ ჩხენკელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
მიხეილ ჩხენკელი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

სენაკის მუნიციპალიტეტში რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ფესტივალი რეგიონებში თეატრალური კულტურის დიდი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს.

„დღეს გაიხსნა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. იგი უაღრესად საინტერესოა და ჩვენს რეგიონებში თეატრალური კულტურის დიდი ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას წარმოადგენს. ფესტივალის პირველი სპექტაკლი შესანიშნავად ითამაშა სოხუმის თეატრმა, რომელმაც უნიკალური მიდგომით, ძალიან საინტერესო ხედვით გააცოცხლა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე რომანი „მთვარის მოტაცება“. მსურს, მთელ საზოგადოებას მივულოცო ფესტივალის გახსნა და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, განსაკუთრებით მის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სულისჩამდგმელს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს. ფესტივალი ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მსურს, ყველა მონაწილეს დიდი წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება თეატრის მოყვარულებს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ წინ ძალიან საინტერესო სპექტაკლები და დიდი სიამოვნება ელით“, – განაცხადა მიხეილ  ჩხენკელმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ფესტივალის დამფუძნებელს, სოხუმის თეატრის რეჟისორსა და დასს ფესტივალის გახსნა მიულოცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.

სპექტაკლის ინსცენირების ავტორი თამაზ გოდერძიშვილია. მასში გაცოცხლებულია სცენები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „მთვარის მოტაცება“. სპექტაკლი რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა, მხატვარი კი ანა ნინუაა. მოქმედი პირები და შემსრულებლები: ეკატერინე არჩაია, ბადრი ბეგალიშვილი, დავით ბერაძე, იზოლდა ბოკუჩავა, გიორგი გასვიანი, გიორგი გოგიშვილი, ჯანო იზორია, ვერიკო კალანდია, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია, მერაბ ყოლბაია, მარიამ ყოლბაია, ანა მატუაშვილი, ლელა შარაბიძე, სანათა ძაძამია, ნიკოლოზ წერედიანი, ნუგზარ წერედიანი, ედემი ხვიჩია.

რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი 1-6 სექტემბერს ტარდება სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე ღია ცის ქვეშ. მასში მონაწილეობას იღებს ქართული რეგიონული თეატრალური დასები: დმანისიდან, თელავიდან, გორიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და ბათუმიდან.

რეგიონული თეატრების  საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“ (დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.