მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ლონდონში იმართება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა – სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების – „ეიჩპისა“ (HP) და „მაიკროსოფტის“ (Microsoft) წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია.

მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

დატოვე კომენტარი