მიხეილ ჩხენკელი - კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიქმნა უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“, ათი თვით ადრე დავნერგეთ ის, რაც ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო
მიხეილ ჩხენკელი - კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიქმნა უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“, ათი თვით ადრე დავნერგეთ ის, რაც ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ პროექტ „ტელესკოლაზე“ ისაუბრა.

„ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ ვითარებაში შეიქმნა სამინისტროსა და პირველი არხის თანამშრომლობით, უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“. „ტელესკოლამ“ მაუწყებლობა 30 მარტიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი არხი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ახალი საგანმანათლებლო არხი პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს მაუწყებლობას.

„გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასსა და საგანს. ტარდება აბიტურიენტის საათი. გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე. საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში „ბიბისიმ“ მოსწავლეებს ტელესკოლა 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა.

„საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დავნერგეთ ის, რაც დიდ ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო“, – დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.