მიხეილ ჩხენკელი იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრს შეხვდა

იტალიის დედაქალაქ რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრ მარია კრისტინა მესასთან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და იტალიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას გააღრმავებენ ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

„მიხეილ ჩხენკელმა მარია კრისტინა მესას საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო- კვლევითი სივრცე. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ და უნივერსიტეტის კარი ღიაა იტალიელი პროფესორებისა და სტუდენტებისთვის.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან და ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამების შექმნის პოლიტიკას და სტუდენტების მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანია.

მინისტრის თქმით, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა იტალიელ მეცნიერებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ არაერთმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, მათ შორის გამოჩენილმა იტალიელმა პროფესორმა რობერტო ორაკიამ, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

თავის მხრივ, იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრმა, მარია კრისტინა მესამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგაპროექტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით“, – აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს მიხეილ ჩხენკელმა იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრი მარია კრისტინა მესა საქართველოში მოიწვია.

დატოვე კომენტარი