მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება
მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა.

„საბავშვო ბაღები გახდა სრულიად უფასო. მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების დაფინანსება და გაუმჯობესდა კვების რაციონი;

– გაორმაგდა ზოგადი განათლების დაფინანსება;

– სკოლებში ამოქმედდა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;

– გაორმაგდა სკოლის მასწავლებლის ხელფასი;

– სკოლა გახდა უსაფრთხო, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას 1525 მანდატური იცავს, რომელთა შრომის ანაზღაურება 50 პროცენტით გაიზარდა;

– 65 ათასზე მეტი მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო ტრანსპორტით;

– განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარებას;

– შვიდჯერ გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება;

– 33-დან 62 პროცენტამდე გაიზარდა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი;

– სრულად ან ნაწილობრივ ფინანსდება უნივერსიტეტების 30 ათასამდე სტუდენტის სწავლა;

– უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა და 150 მილიონი ლარი შეადგინა;

– საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ერთი მილიარდი ევროს ინვესტიციით დაფუძნდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

– მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

„გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;

–  მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

–  გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;

–  გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;

–  გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;

– საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;

– გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;

– ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;

– ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.